მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ვსაქმიანობთ სხვადასხვა დონეზე

მიკროდონე

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ინოვაციური, ადგილობრივი მასშტაბისათვის შესაბამისი და მისაღები მიდგომების განვითარებისთვის მოვიძიებთ და ხელს ვუწყობთ ახალ, ინოვაციურ პროექტებს, სერვისებსა და აქტივობებს. პროექტების ექსპერიმენტული და საპილოტო ხასიათიდან გამომდინარე, ინტენსიურად ვახორციელებთ მათ მონიტორინგს, ეფექტურობისა და შედეგების შეფასებას, და ეფექტური მოდელების დანერგვა-გავრცელებას შესაძლებლობის ფარგლებში.

მეზოდონე

მოცემული დონის სტრატეგიაა უარის თქმა ძველი საბჭოური მოდელის ფსიქიატრიაზე და უფრო მისაღები, ადამიანის უფლებათა დაცვაზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიდგომის დანერგვა; პროფესიული კომპეტენციების ზრდის მაგალითად გამოდგება ისეთი აქტივობები, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შესაბამისი ლიტერატურით მომარაგება (თარგმნა და გამოქვეყნება), ტრენინგების უზრუნველყოფა, პრაქტიკული სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა, გაცვლითი ვიზიტები და სხვ. ასევე, კლინიკური მართვის სახელმძღვანელო პრინციპების შექმნა და დანერგვა, საუნივერსიტეტო და სხვა პროგრამების ხელშეწყობა და ა.შ.

მაკროდონე

მოცემულ დონეზე ძირითადი სტრატეგიაა მთავრობებზე ზემოქმედება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მოქმედი კანონმდებლობის ადაპტირების ან ცვლილების მიზნით იმისათვის, რომ ის შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტებთან; ლობირება, რათა მთავრობებმა პრაქტიკულად განახორციელონ მიღებული კანონები და კანონქვემდებარე აქტები, მხარი დაუჭირონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება-განვითარებას, შექმნან მონიტორინგის მექანიზმი და დამოუკიდებელი მაკონტროლებელი/ზედამხედველობის ორგანოები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის საგარანტიოდ.

მიზნების მისაღწევად:

  • უზრუნველვყოფთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უახლესი მიღწევების, ტენდენციებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე რეგიონებში
  • ვახორციელებთ კვლევებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროში მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების და ინტერვენციების დასაგეგმად
  • ვასრულებთ სასწავლო პროგრამების საორგანიზაციო რესურს-ცენტრის ფუნქციას
  • ხელს ვუწყობთ ადგილობრივი ახალი ინიციატივებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას – კონსულტირებით, ექსპერტიზით და სხვა მხარდაჭერით
  • ხელს ვუწყობთ და/ან კოორდინაციას ვუწევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ადგილობრივი ქსელებისა და კოალიციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას
  • ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე სამთავრობო და სამოქალაქო სუბიექტებს შორის, ასევე სექტორთაშორის თანამშრომლობას
  • ლობირებას ვუწევთ შესაბამისი კანონმდებლობების მიღებას და დანერგვას, ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი სტრატეგიის და პროგრამების შემუშავებას და სტრუქტურული ცვლილებების შეტანას მოცემულ დარგში
  • ვაწყობთ კონფერენციებს და უზრუნველვყოფთ ლექციების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით
  • ხელს ვუწყობთ სერვისით მოსარგებლეთა და მათი მოძრაობის გაძლიერებას; შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტების/მექანიზმების ეფექტურად ამოქმედებას, საზოგადოების ინფორმირებას და სტიგმის დაძლევას.